ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოზარდი, რომელმაც გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ სახიფათო ინტერნეტთამაშით იყო დაკავებული

“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, მოზარდი, რომელმაც გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული.

არასრულწლოვანი ყვება, რომ მეგობრებთან ერთად თამაშის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ამის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის მოძიება. ამასთან აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის მცდელობა მხოლოდ თამაშს არ უკავშირდება.

„აზარტულად ვიყავი განწყობილი. ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რა შემეძლო და რა – არა. საშიში თამაშები მიზიდავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციაში მქონდა საქმე, ერთი წლის წინ, მის მერე აღარ შევხებივარ”- ამბობს მოზარდი.

ის თავის თანატოლებს მოუწოდებს, რომ ამ თამაშს თუ მართლა თამაშობენ, თავი დაანებონ.

“აჭარის ტელევიზიის” ცნობით, თოფით მიყენებული მრავლობითი დაზიანებების ფონზე, არაერთი ოპერაციის შემდეგ, მოზარდის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს. მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ არასრულწლოვანს ახლა 60 ათასი ლარი ესაჭიროება დამატებითი ოპერაციისთვის. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 5 მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს, მიუხედავად ამისა შინაგან საქმეთა სამინისტროში თამაშის საქართველოში გავრცელებას დღემდე არ ადასტურებენ. სამართალდამცველები გამოძიებას განაგრძობენ.

იტვირთბა....