“რაც აზრი გამომაქვს, რაც ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი. ის გარემოებათა მსხვერპლია,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განუცხადა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა.
„მოგეხსენებათ, რომ მრევლისადმი ჩვენი მიმართვისას სწორედ რომ ვახსენეთ პრობლემა, რომელიც დეკანოზ გიოგი მამალაძეს უკავშირდებოდა, ე.წ. ციანიდის საქმეს. ბუნებრივია, რომ სურვილი გამიჩნდა შევხვედროდი და პირადად მომესმინა მისგან ის, რისი თქმაც სურს. მეორეც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პატიმრის მონახულება. ეს ძალიან კეთილი საქმეა. რაც შეეხება საუბრის თემას, ეს არის სასულიერო პირსა და მორწმუნე ადამიანს შორის საუბარი, რომელიც დაცულია და პირადად მას რაიმე განცხადების გაკეთება არ უთხოვია. შესაბამისად, იმ საუბრის გამჟღავნება, რომელიც ჩვენს შორის შედგა, რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სასურველია, ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს, მიეცეს ზიარების საშუალება.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხში დროთა განმავლობაში მეტი ნათელი შემოვა. მე ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია იგი მხოლოდ ერთ–ერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, მაშინ რატომ იმყოფება საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება. ეს ჩემი კითხვებია, არ გაფანტულა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი. მე ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ იგი დამნაშავეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი არის მსხვერპლი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ერთი წელია სასჯელს იხდის პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. მას პირველი ინსტაციის სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო პატიმრობის ერთი წლის თავზე კი გასაჩივრებული სასჯელის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი და დეკანოზი პატიმრობაში დატოვა.