ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმემ ჩვენება შეცვალა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმის ერთ-ერთმა მოწმემ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვალა. ლაპარაკია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის შვილზე. ის დახურულ სასამართლო პროცესზე ამ წუთებში იკითხება.

“მიმდინარეობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმის დაკითხვა. ბრალდების მხარემ მოწმის პირდაპირი წესით დაკითხვა დაასრულა. ამის შემდეგ დაცვის მხარე დავიწყებთ მოწმის ჯვარედინი წესით დაკითხვას. ამ მოწმემ სასამართლოს მიაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა, როგორ დასრულდა. გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მან არსებითად და აბსოლუტურად შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მან ილაპარაკა ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ეწინაღმდეგება იმ ფაქტებს, რაზეც ლაპარაკია გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში. ის არაერთხელ არის დაკითხული და ფაქტობრივად ყველა ჩვენებას ეწინააღმდეგება სასამართლოში მიცემული ჩვენება. დაცვის მხარის პოზიციით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება არასწორად არის ჩატარებული და საქმეზე არ არის ჭეშმარიტება დადგენილი”, – განაცხადა კაკაბაძემ.

საქმეზე უკვე 10-მდე მოწმეა დაკითხული, მათ შორის ექსპერტები, საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი, მანდატური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმები და ასევე ერთ-ერთი თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს.მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....