ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორია დატოვეს

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორია დატოვეს. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იყო.

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდნენ.

ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ნუ მოახდენენ საკითხის პოლიტიზირებას.

“მესმის, რომ თქვენი ვიზიტი ტატუნაშვილის გარდაცვალებას არ უკავშირდება, მაგრამ რაკი ეს საკითხი წამოჭერით, გეტყვით, რომ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ეწინააღმდეგება, ცხედრის გადაცემამდე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია.

თუ შესაბამისი დოკუმენტი არ შედგება, თქვენ იქნებით პირველები, ვინც ამის გამო გაგვაკრიტიკებთ.  საქართველოშიც ასეთი ექსპერტიზის ჩასატარებლად მინიმუმ ერთი თვეა საჭირო. არავინ ამბობს, რომ არ უნდა გადავცეთ ის, თუმცა საზოგადოების ნაწილს ეს პოზიცია აქვს, ვინც დღემდე ელოდება საკუთარი შვილების დაბრუნებას…“, – თქვა ბიბოლოვმა შეხვედრაზე.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

 

იტვირთბა....