ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარებას მინიმუმ ერთი თვე ჭირდება.
ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ნუ მოახდენენ საკითხის პოლიტიზირებას.
“მესმის, რომ თქვენი ვიზიტი ტატუნაშვილის გარდაცვალებას არ უკავშირდება, მაგრამ რაკი ეს საკითხი წამოჭერით, გეტყვით, რომ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ეწინააღმდეგება, ცხედრის გადაცემამდე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია.
თუ შესაბამისი დოკუმენტი არ შედგება, თქვენ იქნებით პირველები, ვინც ამის გამო გაგვაკრიტიკებთ. საქართველოშიც ასეთი ექსპერტიზის ჩასატარებლად მინიმუმ ერთი თვეა საჭირო. არავინ ამბობს, რომ არ უნდა გადავცეთ ის, თუმცა საზოგადოების ნაწილს ეს პოზიცია აქვს, ვინც დღემდე ელოდება საკუთარი შვილების დაბრუნებას…“, – თქვა ბიბოლოვმა შეხვედრაზე.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.