ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები მოქალაქეებს დაუბრუნდებათ

პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით,  შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე გადაისინჯება, ერთ დაზარალებულ მოქალაქეს კი უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიტპატიმარ დავით ტატიშვილის საქმე გადაისინჯება, დაზარალებულ ემზარ ბასილაიას უკანონოდ ჩამორთმეული ორი ავტომანქანა დაუბრუნდება, ხოლო ორი მსჯავრდებულის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

2008 წლის 10 ივლისს, დავით ტატიშვილის მიმართ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წელს, მანამ სანამ პოლიტპატიმრის სტატუსს შეიძენდა, მან პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

2005 წლის ნოემბერში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა მითვისების ბრალდებით დააკავა შპს ,,ოდაბადეს“ წარმომადგენლები – ლაშა წურწუმია და ალიკო ხარჩილავა, რომლებმაც თითქოსდა საქართველოს რკინიგზა შეიყვანეს შეცდომაში და მიწოდებული საქონლის ღირებულება ნაცვლად ლარისა მიიღეს დოლარში, რითაც მიაყენეს 34 960 ლარის ზიანი. სინამდვილეში საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა დამალეს დოლარში დაფიქსირებული სატენდერო წინადადება და საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, რაც გახდა საფუძველი ლაშა წურწუმიას და ალიკო ხარჩილავას უკანონო დაპატიმრების.

ლაშა წურწუმიასთან და ალიკო ხარჩილავასთან ერთად, ამ დროისთვის დეპარტამენტს სულ 54 უკანონოდ გასამართლებული მსჯავრდებულის მიმართ აქვს განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებული, საიდანაც 18 მათგანის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აგრძელებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას.

იტვირთბა....