გამოცემა “მედუზასთან” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება. “მას შემდეგ, რაც უკრაინას შევცვლი, მინდა გავხდე ოდესის მერი”- აღნიშნა ინტერვიუში სააკაშვილმა.
ინტერვიუ შეეხება უკრაინიდან დეპორტაციას, სამშობლოს და პოლიტიკურ მომავალს. მან ისაუბრა ასევე, თავისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც, რომ მათ ნორმალური შემოსავალი აქვთ და ამ დროისთვის ეს საკმარისია.
„რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მაქვს. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, მაგრამ ნორმალური შემოსავალი გვაქვს ჰოლანდიაში. საწყის ეტაპზე ეს საკმარისია. მე არ დავიკარგები. მაქვს შემოთავაზებები ლექციების წაკითხვაზე და ბევრი სხვა შესაძლებლობები მექნება ასარჩევად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მას საქართველოში ციხეში ჩასვამდნენ, რევოლუცია მოხდებოდა.
„მე ვთქვი, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება ჩემს ექსტრადირებას მოახდენდა და იქ ციხეში ჩამსვამდნენ, საქართველოში რევოლუცია მოხდებოდა, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს უფლება არ მისცა ჩემი საქართველოში გაგზავნის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება ოდესის ოლქის გუბერნატორობას, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ის იყო ერთადერთი ამ თანამდებობაზე, რომელსაც რეფორმების გატარება სურდა. სააკაშვილმა გუბერნატორობისას მის მიერ გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო მის ინიციატივებს ბლოკავდა.
„მე გზაზე კარავში ვიმყოფებოდი. კარავში მჯდომი გუბერნატორის დანახვა პოროშენკოსთვის უსიამოვნო იყო და რამდენჯერმე მთხოვა, რომ იქიდან გამოვსულიყავი. მე ვთქვი, რომ არ გამოვიდოდი, ვიდრე ფულს არ მომცემდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ ფული მოეცათ. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა, რომლისთვისაც 40 წლის განმავლობაში არავის უხლია ხელი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, უკრაინაში მარშის მოწყობას გეგმავენ, სადაც 100 000 ადამიანი გამოვა ქუჩაში, რამდენიმე ასეთი მარშის შემდეგ, კი ეს რიცხვი მილიონს მიაღწევს.
სააკაშვილი ახლა ამსტერდამში იმყოფება.

