თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო, ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმდა 272 სამშენებლო ობიექტი. ამის შესახებ მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენი მუშაობის პროცესში გვაქვს ბევრი სიახლე, ვაწარმოებთ სხვადასხვა სამუშაოს დედაქალაქის საკეთილდღეოდ და საჭიროა ამის სწორად განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროა, ზედამხედველობის და მონიტორინგის გაძლიერება იმ დარღვევებზე, რომლებიც აზარალებს თბილისს”, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, მერიაში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც გადაეგზავნა პარლამენტს და ამ ცვლილებებით უფრო ეფექტური გახდება ზედამხედველობის ფუნქციები სხვადასხვა დარღვევების მიმართ:
„ეს დარღვევებია: დედაქალაქის იერსახის დამახინჯება; თბილისის ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე; გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა, რეკლამის უნებართვო განთავსება ან არასათანადო რეკლამის განთავსება. მგონია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა ეფექტური იყოს ზედამხედველობის სამსახური. ჩვენ უკვე დავიწყეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მივუდგებით უკანონოდ ან სხვადასხვა სახის კანონდარღვევებით მიმდინარე მშენებლობების თემას”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
„მინდა გითხრათ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნებლობის 59 ფაქტზე, ხოლო სარეკლამო კონსტრუქციების გამო, გაფრთხილებულია 300-მდე ობიექტი პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა წინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები კეთილი ინებონ და ჩამოხსნან, რადგან ეს ყველაფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და უნდა გაიზარდოს ჯარიმები”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ზედამხედველობის სისტემა, უფრო მობილური და ეფექტური უნდა გახდეს დაჯარიმების პროცესი.
„კანონის დაცვა დედაქალაქში განაპირობებს სანქციების გაზრდილ რაოდენობას. ჩემთვის მტკივნეულია და მიუღებელია, როცა თბილისთან მიმართებაში ხშირად იხმარება სიტყვა უსისტემო, უკანონო, ქაოსური. თბილისი თანამედროვე დედაქალაქია, ეს უწესრიგობა და დარღვევები უნდა დასრულდეს. ამისთვის ზედამხედველობის, როგორ ინსტიტუციის გაძლიერება და დახვეწა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვავალებ ქალაქის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს და დროულად დაიწყოს ზედამხედველობის სისტემისა და ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა. მათ შორის ამ სამსახურის თანამშრომლების გადამზადების, ტესტირების პროცესი, ყველანაირი აღჭურვილობა რაც კი რის საჭირო ამისთვის ეს იქნება კამერები, ფორმები , ავტომობილები შეიძინეთ, გააკეთეთ, რომ ეს სამსახური იყოს უფრო ეფექტური და უმაღლეს დონეზე განახორციელონ საზედამხედველო ფუნქციები. ასევე მნიშვნელოვანია შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები. მგონია, ეს ამ სამსახურის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება”, – განაცხადა კალაძემ.