ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის მოსწავლე დაიკითხება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, 51-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე დაიკითხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოწმე ფაქტის თვითმხილველია, რომელთანაც დაცვის მხარეს ბევრი კითხვა ექნება.

“დღევანდელი პროცესი განახლდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით. დაიკითხება 51-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე. ბრალდების მხარე სავარაუდოდ სხვა მოწმეებსაც წარმოადგენს, თუმცა ვინ იქნებიან ეს მოწმეები, ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობია. დაცვის მხარეს აღნიშნულ მოწმესთან ბევრი კითხვა გვექნება, ვინაიდან ის არის ბრალდების მხარის მოწმე. იგი ფაქტის მხილველი მოწმეა. თუ რა დაინახა შემთხვევის ადგილზე, ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვექნება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იტვირთბა....