არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროპული საქართველო კონსულტაციებს პარლამენტის თავმჯდომარესთან მართავს. შეხვედრაზე დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და სერგი კაპანაძე იმყოფებიან.
სავარაუდოდ, ამ კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილია, გაიზიარებს თუ არა პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციაში საპარლამენტო უმცირესობის რეკომენდაციებს და შეჯერდებიან თუ არა ერთ ტექსტზე.
„ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამ ორ ტექსტთან დაკავშირებით, ჩვენი იდეა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღებასთან დაკავშირებით და უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი იდეა, რომ ზოგადად რეზოლუცია იყოს მიღებული. იმედი მაქვს, შეჯერება მოხდება” – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში ორი პროექტია. ევროპული საქართველო ე.წ. მაგნიტსკის სიის ანალოგის, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნას ითხოვს, სადაც საქართველოს მოქალაქეების წამებისა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულებს სანქციები დაეკისრებათ.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუცია კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, საერთაშორისო გამოძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვებას ითვალისწინებს.