თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უარს არ იტყვის რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-400 „ტრიუმფის“ შეძენაზე.
„თქვენ ამბობდით, რომ არ მისცემდით თურქეთს С-400-ების შეძენის უფლებას, რუსეთთან შეთანხმებას შეცდომა უწოდეთ. თქვენ ასევე ამბობდით, რომ სანქციების დაწესება შეგიძლიათ. ჩვენ არ ვაპირებთ ანგარიში ჩაგაბაროთ. ყოველგვარი დათმობის გარეშე ვივლით სწორ გზაზე საკუთარი მიზნების მისაღწევად“, – აღნიშნა ერდოღანმა და დაამატა, რომ არავის გაუპროტესტებია საბერძნეთის მიერ რუსეთისგან С-300-ების შეძენა.
2016 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების შესახებ С-400-ების შეძენასთან დაკავშირებით. რუსეთმა კონტრაქტის გაფორმება 2017 წლის 12 სექტემბერს დაადასტურა. ამავე დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ კონტრაქტის ავანსი უკვე შეტანილი იყო. თურქეთი ნატო-ს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან С-400-ებს შეიძენს, თუმცა ამ დრომდე რაოდენობა არ სახელდება.
სამხედრო-დიპლომატიურმა წყარომ ТАСС-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი გეგმავენ 2020 წელს ხელი მოაწერონ С-400-ების მეორე კომპლექტის გადაცემის კონტრაქტს. წყაროს თქმით, ასევე დაგეგმილია, რომ ახალი დოკუმენტის მიხედვით, თურქეთს С-400-ების ცალკეული ნაწილების ადგილზე წარმოების უფლება მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს „აშშ-ის მოწინააღმდეგეთა მიმართ სანქციების საშუალებით მოქმედების“ შესახებ, რაც რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს და ამერიკულ და სხვა კომპანიებს რუსეთის თავდაცვით და სადაზვერვო სექტორის საწარმოებთან თანამშრომლობას უკრძალავს.

