ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულები გაათავისუფლეს

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია, რომლებიც  ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში იყვნენ ბრალდებულები, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადვოკატი  პაატა შავაძე ადასტურებს. მისი თქმით, ბრალდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო.

ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი ბრალდების მხარემ სააპელაციოში 12 თებერვალს გაასაჩივრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩხვირკიას და ღოღობერიძეს 1.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა. აქამდე პროკურატურა ბრალდებულებს მასობრივი არეულობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა (სსკ-ის 225-ე მუხლი). მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას კი განაცხადა, რომ ამ მუხლით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მოსამართლის თქმით, მან მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალი 226-ე მუხლით მიუსაჯა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ვითარება 2017 წლის 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ირაკლი ჩხვირკიას დედამ 12 თებერვალს შვილის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტს მიმართა.

იტვირთბა....