ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს USAID 3,5 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისათვის საქართველოს 3,5 მილიონ დოლარს USAID გამოუყოფს. ამის შესახებ მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და USAID- ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, ბროკ ბირმანმა მოაწერეს, ცნობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს. აღნიშნული ფინანსური რესურსით დამატებით მოხდება, ერთი მხრივ, ტექნიკის შესყიდვა (ტრაქტორები, შემასხურებლები, ფერომონები), მეორე მხრივ, ცოდნის გაზიარება და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფა“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბროკ ბირმანის განცხადებით, ამ მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ს მხარე საქართველოს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

„პირადად მქონდა შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში დამეთვალიერებინა ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილის პლანტაციები. ჩვენ მზად ვართ, პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად ჩავერთოთ დაგეგმილ ღონისძიებებში“, – განაცხადა ბროკ ბირმანმა.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....