„მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრმა აღნიშნული კომენტარი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ გააკეთა.
„მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ის რაც არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიული შედეგი, რასაც ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში, მათგან თითქმის 100%-მა კი უარი მიიღო.