ამ დრომდე უცნობი რჩება როდის გადმოსცემენ ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, ოჯახს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.
მინისტრი ამბობს, რომ გადმოსვენების კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით დამატებითი მოლოდინების შექმნა არასწორია. გახარიას თქმით, ყველა უწყება მაქსიმუმს აკეთებს, რომ ტრაგიკული პრობლემა მალე მოგვარდეს.
„ამ ტრაგიკულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, მაქსიმალურად ვმუშაობთ, ჩართულია სახელმწიფოს ყველა ორგანო, ყველა ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. ზუსტად იგივე რეჟიმში და მსგავსი ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ზომების მისაღებად და მათ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსაყვანად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.