ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ომბუდსმენი: “სურამის ფსიქიატრიულ საავამდყოფოში თერაპიული გარემო არ არსებობს”

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტები ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

სახალხო დამცველის შეფასებით „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.

საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის წლიურ ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა.  სამწუხაროდ, დღეს სახალხო დამცველს მდგომარეობა კვლავ უცვლელი დახვდა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ა.ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.

იტვირთბა....