საქართველოში აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით ჩამოვიდნენ.
მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
აშშ-ის წამყვან სპეციალისტებთან შეხვედრა გაიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სადაც სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა წარადგინეს ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და აშშ-ის სპეციალისტების თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვას და განხორციელებას.
აშშ-ის წამყვანი სპეციალისტების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონებში გასვლა და ვითარების ადგილზე გაცნობა. აგრეთვე, საქართველოს სამეცნიერო წრეების ჩართულობით ჩატარდება სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა: “აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) – გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები.
შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.