ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე , ე.წ. არკაში.
მისი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე 51-ე სკოლის მოსწავლე დაიკითხა, რომელიც მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
“მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე, ე.წ. არკაში. კერძოდ, თუ რა ვითარებაში დაიწყო და ვისსა და ვის შორის მოხდა კონფლიქტი, რა შემდგომი განვითარება ჰპოვა მოვლენებმა. აღნიშნული მოწმის მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად ბრალდების მხარეს რათა გაამყაროს საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებები. მოწმის დღევანდელი ჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდეს და გვაქვს მხოლოდ ერთი მოლოდინი, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

