სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018 წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოფელ წილკანში პირადად მიუსამძიმრა ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მიაწოდა ინფორმაცია საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობის შესახებ.
„ჩვენ მივაწვდინეთ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ვცდილობთ მაქსიმალურად დაჩქარდეს გადმოსვენების პროცესი. ამ ეტაპზე ოჯახისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც პირველი რიგის ამოცანა სწორედ ეს არის. ჯერ–ჯერობით ძნელია იმის დაზუსტება კონკრეტულად რა დრო დაჭირდება გადმოსვენების პროცესს, ინფორმაციის მიღება ოკუპირებული რეგიონიდან გართულებულია, გამკაცრებულია საპოლიციო რეჟიმი. ჩვენ ვიქნებით ჩართული საქმის ყველა ეტაპზე და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.