ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, სავარაუდოდ, ძალიან მალე გადმოასვენებენ – განაცხადეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ცხედარი ოჯახს გადაეცეს.
ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მოლაპარაკებებში ჩართულია, მათ შორის წითელი ჯვარიც-განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილმა.
,,ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს და ყველა მექანიზმს იყენებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს უახლოეს ხანებში მოხდება.
ჩართულია მათ შორის წითელი ჯვრის საზოგადოება, რისთვისაც დიდი მადლობა,“-აცხადებს სესიაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოყენებულია. ხელისუფლების გარდა, საქმეში საპატრიარქოს ჩაერთო, რაც მისი აზრით, დააჩქარებს გადმოსვენების პროცესს.
,,ყველა საერთაშორისო ბერკეტი იქნა გამოყენებული რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო.უახლოეს პერიოდში ველოდებით ტატუნაშვილი გადმოსვენებას, ამაში ჩარეული იყო ყველა სახელმწიფო ორგანო, ამაში ჩაერია საპატრიარქოც, ამიტომ ველოდებით, ძალიან მალე ველოდებით პოზიტიურ შედეგს,“-განაცხადა მდინარაძემ.