აქცია სახელწოდებით “მშვიდობა ომზე მეტია” დღეს თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი. იგი საღამოს შვიდის ნახევარზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით 50-მდე ბარი, რესტორანი და მაღაზია ორი საათით დაიხურება.
აქციის ორგანიზატორი თაზო დათუნაშვილი განმარტავს, რომ აქციის მთავარი მიზეზი არის არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება.
„ხაზგასმით ვთქვათ, რომ ამ აქციის არც ორგანიზების პროცესში და არც ჩატარების პროცესში, მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ინტერესთა ჯგუფს, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს არის თავიდან ბოლომდე სამოქალაქო ინიციატივა და ამას გვინდა ხაზი გავუსვათ. პროტესტის მთავარი მიზეზი არის ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა არჩილ ტატუნაშვილის თავს და მისი თანამებრძოლების თავს, რომელიც სამწუხაროდ, იმყოფებიან ოსეთის ტერიტორიაზე და არჩილის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გადმოცემული საქართველოში,“ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ასევე ორგანიზატორების თქმით, აქციას “მშვიდობა ომზე მეტია” სოლიდარობას უცხადებს საქართველოს 12 ქალაქი.
ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.