ახალი ამბები მთავარი სამართალი

მალხაზ მაჩალიკაშვილი: “აღარც ნდობა მაქვს და აღარც რაიმეს მოლოდინი, თემირლანი არის დაზარალებული”

პანკისში მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შეხვედრა მიმდინარეობს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების ქმედებას აფასებს. შეხვედრას ესწრებიან ადგილობრივები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ შოთაძე დაპირდა საქმეში არსებული ახალი დეტალების გაცნობას თუმცა მას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

“არ აღიარებენ, რომ შეცდომა მოუვიდათ და საქმეს წელავენ. ირაკლი შოთაძე შეხვედრისას დამპირდა, რომ ერთ კვირაში საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გამაცნობდა და მეცოდნებოდა, რა მტკიცებულებებით ხელმძღვანელობენ, თუმცა 45 დღე გავიდა და არავინ შემხმიანებია. პრინციპში, აღარც ნდობა მაქვს და აღარც რაიმეს მოლოდინი. თემირლანი არის დაზარალებული, სპეცრაზმელებს მისამართი შეეშალათ. არ ვაპირებ გაჩერებას, სამართლებრივი გზით სიმართლეს მაინც დავადგენ”, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 5 პირი.

იტვირთბა....