თბილისში, მოსახლეობა ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. როგორც ცნობილია აქციის მონაწილეები კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის ნგრევას აპროტესტებს. მოსახლეობის განცხადებით, ახალი კორპუსების მშენებლობა გადაადგილებას შეზღუდავს, ასევე მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ კლდის მოჭრამ შესაძლოა საფრთხეები გამოიწვიოს.
აქციის მონაწილეებმა დღეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „სენის“ კვლევა წარმოადგინა სადაც ნათქვამია, რომ ტერიტორია მდინარე ვარაზისხევის კალაპოტს წარმოადგენს, სადაც ნაშალი იყრება და ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის დროს მოსალოდნელია ჯებირების გარღვევა და საცხოვრებელი სახლების ნგრევა-დაზიანება.
„მდინარე ვარაზისხევის ზედა ნაწილში, ბოლო ათეული წლის განმავლობაში, მიმდინარეობს ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები. მშენებარე მრავალსართულიანი სახლებიდან ზემოთ, 100-120 მეტრის დაშორებით, მდინარე ვარაზისხევის ძირი ჩაკეტილია კლდოვან სუბსტრატზე გათხრილი საძირკვლებიდან ამოღებული ათეულ ათასობით მ3 მოცულობის ნაშალი მასალის მძლავრი ჯებირით. აღნიშნული ჯებირი აუცილებლად გამოიწვევს ძლიერი წვიმის დროს წარმოქმნილი ნიაღვრების შეტბორვას. ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია ჯებირების უეცარი გარღვევა და მის ქვემოთ განლაგებული საცხოვრებელი სახლების ნგრევა-დაზიანება. ჯებირის ქვეშ მოწყობილი 2,6 მ. დიამეტრის წყალგამტარი გვირაბი,ნიაღვრების მოვარდნის შემთხვევაში, თავისუფლად ამოიქოლება ნაშალი მასალით და წყალს ვერ გაატარებს“, – ნათქვამია კვლევაში