ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაჩიროვი: “ქართული ტელეარხები ცდილობენ ააფორიაქონ მოსახლეობა და ამბობენ, რომ ტატუნაშვილი მოკლეს”

ე.წ. ლენინგორის რაიონის „გამგებელმა“ ფილიპ ხაჩიროვმა, „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის მოსახლეობა გაგებით ეკიდება საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას და პროვოკაციებს არ წამოეგება.

„პროვოკაცია კი არსებობს და ძალიან სერიოზულია. დღე და ღამე ქართული ტელეარხები „სპეციალურად ლენინგორისთვის მაუწყებლობენ“, ცდილობენ ააფორიაქონ მოსახლეობა და ამბობენ, რომ ეს მკვლელობა იყო და „ოსები ყველას მოკლავენ, ვინაიდან ასეთია ოსური ხელისუფლების პოლიტიკა“, – განაცხადა ხაჩიროვმა.

მისი თქმით, ქართული მედიასაშუალებები მომხდარში მას ადანაშაულებენ, თუმცა ამისთვის არც იურიდიული და არც მორალური საფუძველი აქვთ.

„ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ჩემს დისკრედიტაციაზე და მოსახლეობის ჩემს წინააღმდეგ განწყობაზეა მიმართული. გამგებელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურებისა და სხვა ორგანოების ფუნქციებს, იმიტომ, რომ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის“, – აღნიშნა ხაჩიროვმა.

ხაჩიროვმა ასევე განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილს პირადად არ იცნობდა, ახალგორის რაიონში მუდმივად მხოლოდ ტატუნაშვილის ბებია ცხოვრობს, ხოლო მისი მშობლები და სხვა ნათესავები ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....