მავნებლის ბუნებრივი მტრის, ფაროსანას საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად სწავლობენ. თუ როგორი ზეგავლენა შეიძება მოახდინოს იაპონურმა კრაზანამ საქართველოში აზიურ ფაროსანაზე ამ საკითხს სპეციალისტები შვეიცარიაში იკვლევენ. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.
სესიის უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ აზიურ ქვეყნებში ბაღლინჯოს ბუნებრივი მტერი ძირითადად იაპონური კრაზანაა. მისივე თქმით, ამ მწერის საქართველოში შემოყვანა კვლევების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
იაპონური კრაზანა მილიმეტრნახევრიანი ზომის მწერია. ის აზიური ფაროსანას კვერცხის პარაზიტია. არსებული ინფორმაციით, ჩინეთსა და კორეაში კრაზანა შემთხვევების 90%-ში მხოლოდ ფაროსანას კვერცხს აზიანებს.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური საბრძოლო მექანიზმების შემუშავების მიზნით, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორიის გადაიარაღება მიმდინარეობს.
ანასეულის ლაბორატორიის სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული.
შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.