ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს. ინფორმაციას „რუსთვი2“ ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დამნაშავის დადგენა და ბრალის წაყენება.
„ჩემი მხრივ ვაცხადებ, რომ ის ბრალდებები, რომელიც თბილისის ტელევიზიების გადაცემებისა და ჩემ მიმართ ისმის, დაგეგმილი პროვოკაციაა. ის მიზნად ისახავს ჩემს დისკრიმინაციასა და ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას. ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურის ფუნქციას, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ისინი ჩემს ბრძანებებს არ ემორჩილებიან, რადგან ჩემს დაქვემდებარებაში არ შედიან. გარწმუნებთ, რომ სიმართლე დადგინდება“, – განაცხადა ოკუპირებული ახალგორის რაიონის „გამგებელმა“ ფილიპ ხაჩიროვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს.