მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ – ამ თემაზე კომენტარი პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ გააკეთა.
“უნდა გავიზაროთ ის, რომ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა დგას თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და დაცულობაზე. რამდენიმე დღის წინ, მე პირადად შევხვდი მოსამართლე შავაძეს და ვესაუბრე ამ საკითხებზე. ის, რომ მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით არის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, პირდაპირ წერია ჩვენს კანონმდებლობაში. ახლა საკითხია, რა რეაგირება ექნება შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე. მხოლოდ ის, რომ დღეს ამ საკითხზე საბჭო იმსჯელებს, ვერ იქნება საკმარისი პასუხი, იმიტომ რომ საუბარია, როგორც მოსამართლე შავაძე გვაწოდებს ინფორმაციის, დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით. ცოტა უცნაურია, რომ 10 დღეზე მეტია გასული და ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება”,- განაცხადა კოჟორიძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შავაძემ დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

