ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იან კელი: “გარკვეულწილად პასუხისმგებლობა გეკისრება, როცა ხარ ოკუპანტი”

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტსა და ცხედრი გადმოსვენების საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი  ეხმიანება. იან კელი იმედოვნებს, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნებენ.

“ჯერ არ ვიცი როგორ დასრულდა დღევანდელი შეხვედრა ერგნეთში. მოგეხსენებათ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ ეს არის მართლაც საშინელი ტრაგედია ოჯახისა და ნათესავებისთვის. თუმცა შემაძრწუნებელია სიტუაცია, იმიტომ რომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა მოხდა იქ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ტიპის ინციდენტი არ არის პირველი. ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ხმა ავიმაღლოთ. გარკვეულწილად პასუხისმგებლობა გეკისრება, როცა ხარ ოკუპანტი,”- განაცხადა იან კელიმ.

ოკუპირებული ცხინვალი გარდაცვლილ ტატუნაშვილს ბადრაგზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

“საგამოძიებო იზოლატორში, ბადრაგირების დროს ტატუნაშვილი თავს დაესხა ბადრაგს, წაართვა ერთ-ერთ მათგანს ტაბელური იარაღი და ცეცხლის გახსნა სცადა. სამართალდამცველებმა ეს მცდელობა აღკვეთეს, გამოიყენეს ძალა და თავდასხმელი გააუვნებელყვეს. საღი აზრი გვკარნახობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა, ვინაიდან საქმეზე არსებითი წარმოების დაწყებამდე ეჭვმიტანილის გაქცევის მცდელობა საფუძვლიანად ფასდება როგორც არსებული ეჭვის დადასტურება“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

 

 

იტვირთბა....