ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მორიგი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტეტუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იქნება.
ქართული მხარის მოთხოვნით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა , დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია. ეს მოთხოვნები ქართულმა მხარემ ორშაბათს რიგგარეშე შეხვედრაზე უკვე დააყენა, თუმცა, უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.