ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მთავრობის ადმინისტრაცია: მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც მომხდარში დადასტურდება

მთავრობის ადმინისტრაცია ორბელიანის მოედანზე შუშის გადმოვარდნისა და ბავშვების დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დაშავებული არასრულწლოვნები ამჟამად გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდებათ. ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები – აკაკი ზოიძე და მარიამ ჯაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც მომხდარში დადასტურდება.

პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილის დავალების შესაბამისად, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაშავებული ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანა“, – ნათქვამია მთავრობის ადინისტრაციის განცხადებაში.

დღეს, დაახლოებით 1 საათის წინ ბარათაშვლის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან გადმოვარდნილი შუშის ფილა 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაეცათ. ერთი ბავშვი მძიმეც იყო დაშავებული, ის რამდენიმე წუთის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა, რადგან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა. დანარჩენი 5 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....