საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ორჯერ იყო საქართველოს პირველი პირი და მას აკისრია პასუხისმგებლობა უპასუხოს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ინტერვიუს ქართულ ვერსიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კითხვაზე, საქართველო ამბობს, რომ არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობა, მაგრამ დასავლეთში სჯერათ, რომ სააკაშვილზე პოლიტიკური ხასიათის დევნა მიმდინარეობს და როგორია ამ საქმეზე მოქმედი პრეზიდენის აზრი, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფიქრობს, რომ სააკაშვილმა საქართველო დატოვა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ისე, რომ პასუხგაუცემელი დატოვა მრავალი შეკითხვა.
”მჯერა, რომ, როგორც ორჯერ არჩეული პრეზიდენტი, მას აქვს პასუხისმგებლობა, პატივი სცეს სასამართლოსა და სამართალდამცავებს. ის ორჯერ იყო ამ ერის პირველი პირი და მას აკისრია პასუხისმგებლობა უპასუხოს სახელმწიფო ინსტიტუტებს. მხოლოდ მისი პასუხების შემდეგ, შეგვეძლება განვსაზღვროთ მის მიმართ დასმული კითხვები ადეკვატური იყო, თუ პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.