საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანები 15 გბ მობილურ ინტერნეტს 5 ლარად ვეღარ იყიდან, შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურეობაზე გამოცხადებული ახალი ტენდერის პირობების მიღების გამო. საუბარია ე.წ. კორპორატიულ ნომრებზე.
წინა ტენდერის პირობებით 15 გბ ინტერნეტის პაკეტის შეძენა 4.99 ლარად იყო შესაძლებელი, ახალი ტენდერით მომხმარებელს 4.99 ლარად 5 000 MB ინტერნეტის ყიდვა შეუძლია.
შეცვლილია სატენდერო პირობებიც, თუ წინა ტენდერით გამარჯვებულ კომპანიას სახელმწიფო უწყებებითვის სატელეფონო მომსახურეობა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა. ახალი ტენდერით მომსახურეობით სარგებლობის ვადა 2019 წლის 31 იანვრიამდე გაიზარდა.
2018 წლის 27 თებერვალს ახალი სატენდერო წინადადებების მიღება იწყება და 2018 წლის 1-ელ მარტს სრულდება. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგებს აქვეყნებს სისტემის მეშვეობით. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემსყიდველი ორგანიზაციების დაახლოებით 260 ათასი აბონენტისთვის სატელეფონო მომსახურების GSM, UMTS, LTE სტანდარტით გაწევა მოუწევს.
მანამდე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩაიშალა, მხოლოდ ერთი კომპანია შპს “ვიონი” (ბრენდული სახელი ბილაინი) მონაწილეობდა. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას მაგთი და ჯეოსელიც მიიღებენ.

