პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ტატუნაშვილების ოჯახისა და აგილობრივების მიერ საგზაო მაგისტრალის გადაკეტვის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არ შეიძლება დღევანდელი უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება.
“რაც არ უნდა იყოს მიზეზი, გამართლება თუ მიზანი, არ შეიძლება ამ ადგილას მაგისტრალის გადაკეტვა
არ შეიძლება დღევანდელი უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება … გასაგებია საზოგადოების აღშფოთება და ოჯახის ტკივილი მაგრამ გაუგებარია პოლიტიკურად მოტივირებული აქტივისტები რას იმოქმედებდნენ და რას უბიძგებენ ხელუსუფლებას: რომელი ბერკეტის ამოქმედებას, ძალის თუ რა სხვა ხერხის გამოყენებას?
ურთულესია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, უმძიმესია იმის განცდა, რომ საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების მობილიზების გარდა სხვა ძალისხმევა ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია, უმწარესი როცა ვერაფრით ვერ შველი შენ დაკავებულ მოქალაქეებს…
მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს ამ დროს ქვეყნის სისუსტეზე ხაზისგასმას სწორედ იმ ყველაზე ფაქიზ ადგილას საიდანაც მტერი თვალებში გიყურებს… ნეტავ ასეთ არსებით საკითხზე რათ ვახარებთ მას ჩვენი ორ ბანაკად გახლეჩით, ნეტავ რატომ ვუხსენებთ ყველას რომ ამ მაგისტრალზე ქვეყნის ორად დაყოფა შეიძლება?
ნუთუ არ შეგვიძლია რამდენიმე საკითხის მიმართ ზეპოლიტიკური, ზეპარტიული და მაშასადამე ზნეობრივი მიდგომა?”, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.