ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რადიო თავისუფლება”: “ტატუნაშვილს ახალგორის პოლიციის უფროსთან პრობლემები ქონდა”

„რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის კორესპონდენტის, გოგა აფციაურის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს ახალგორის მილიციის უფროს ალექსანდრე ჯიოევთან პრობლემები ჰქონდათ.

„ჩემი წყაროების ინფორმაციით, 3 დაკავებულ პირს პრობლემები ალექსანდრე ჯიოევთან ჰქონდათ. მასსა და საქართველოს სამ მოქალაქეს შორის, რომლებიც დღეში რამდენჯერმე კვეთდნენ საკონტროლო პუნქტს, უცენზურო გამონათქვამების გამოყენებით შელაპარაკება მოხდა. მეორე დღეს ისინი დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების საბაბით ახალგორის იზოლატორში მოათავსეს, ტატუნაშვილი კი ცხინვალში გადაიყვანეს“, – წერს „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის კორესპონდენტი გოგა აფციაური.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ. ცხედარი ამ დრომდე საქართველოს მხარისთვის არ გადმოუციათ. ტატუნაშვილის ოჯახი კი საქართველოს მხარეს 24 საათს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

იტვირთბა....