ახალი ამბები მთავარი

ევროპარლამენტის დეპუტატი გომეში ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გმობს

ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას, ევროპარლამენტის დეპუტატი ანა გომეში ეხმაურება და “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე მის გაურკვეველ სიტუაციაში გარდაცვალებას გმობს. ის რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.

„დავიწყე დღე საქარველოს პარლამენტის წევრებთან და თანამშრომლებთან. ვწუხვარ და ვიზიარებ მათ შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო. კიდევ ორი ქართველი ამ დრომდე დაკავებულია. შეწყვიტე არალეგალური ოკუპაცია, რუსეთო!“ – წერს ანა გომეში სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ. ცხედარი ამ დრომდე საქართველოს მხარისთვის არ გადმოუციათ. ტატუნაშვილის ოჯახი კი საქართველოს მხარეს 24 საათს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

იტვირთბა....