ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.  აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ანდრეას პეშკემ საკუთარი ტვიტერის გვერდზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის/ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა.

“ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერის შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და ვუერთდებით მის მოწოდებას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ“ – ნათქვამია ანდრეას პეშკეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ. ცხედარი ამ დრომდე საქართველოს მხარისთვის არ გადმოუციათ. ტატუნაშვილის ოჯახი კი საქართველოს მხარეს 24 საათს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

იტვირთბა....