ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ესტონეთი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოხატავს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოხატავს.  ესტონეთის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.

„ღრმად შეშფოთებული ვართ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს. ვაგრძელებთ საქართველოში მშვიდობის განმტკიცებისა და კონფლიქტის მოგვარების მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ. ცხედარი ამ დრომდე საქართველოს მხარისთვის არ გადმოუციათ. ტატუნაშვილის ოჯახი კი საქართველოს მხარეს 24 საათს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

იტვირთბა....