ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ადასტურებს.
“საკითხს პროკურატურა სწავლობს. ჩვენ ვერკვევით იმ განცხადების დეტალებში, რომელიც კონკრეტული პირის მხრიდან გავრცელდა, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყება-არდაწყების თაობაზე”, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. P.S.-ს ნომერ პირველ ტერორისტად, ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის.
ის ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და ის საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა კრიმინალმა შეასრულა. ციხისთავი ჰყვება იმასაც, თუ როგორ დაგეგმა და შექმნა მაშინდელმა მთავრობამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. გიორგი სანაია ციხისთავის მტკიცებით შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. დამკვეთებს შორის კი ის თამაზაშვილს ასახელებს.

