არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის ელოდება შვილის ცხედრის გადმოსვენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გზა კვლავ გადაიკეტება.
“ისინი აჭიანურებენ და იმათთან მოლაპარაკება ძალიან რთულია. თუმცა, ყველა უწყება ჩრთულია, რათა დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. ნაწამებია, ნატანჯი და იმიტომ არ გვატანენ ცხედარს, რომ ეს არ გახმაურდეს. ორი გათავისუფლებბული პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა და არავისთნ არ აქვთ კონტაქტი. ხელბორკილები დაადეს. დაბორკილმა გაუწია წინააღმდეგობა. ფიზიკურად ძლიერი იყო არ ემორჩილებოდა და მოკლეს. ჩემი ერთადერთი ნატვრა ისღაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ, რომ დაიტიროს როგორც წესია. ველოდები, თუ არადა არცერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის”, – აცხადებს ტატუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.