სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსალოდნელიც იყო, რომ ცხინვალის მხარე და ოკუპანტი სახელმწიფო დააგვიანებდა ცხედრის გადმოცემას.
“ალბათ, გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რომ ცხინვალის მხარე და ოკუპანტი სახელმწიფო აგვიანებს ცხედრის გადმოცემას. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2014 წელსაც, როცა საქართველოს მოქალაქის ცხედარის გადმოცემა იმდენად დაგვიანებით მოხდა, რომ ექსპერტიზის შედეგად ვერ დადგინდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ჩემი აზრით, ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ვერ დაადგინოს. ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას. ალბათ, საერთაშორისო მექანიზმების გზით უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ ცხედარი დროულად იქნას გადმოცემული.
“მაქსიმალულად, სამართლებრივი დახმარების გაწევით თუ სხვა გზებით მათი უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა უნდა იყოს დაცული და თავი უნდა იგრძნონ დაცულად”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.