სოფელ ნატახტართან, სადაც ოკუპირებულ ცხინვალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა აქცია გამართეს, მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ, მათ სამართალდამცველები გადაეღობნენ და ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ.
აქციის მონაწილეებმა ჯაჭვის გარღვევა სცადეს, რა დროსაც ტატუნაშვილის ბიძა შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.