საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ საჭიროება იქნება, ის პრეზიდენტობის კანდიდატად განმეორებით კენჭს იყრის. თუ არ იქნება საჭირო და ეს არ არის ქვეყნისთვის სავალდებულო ან აუცილებელი, ამ ძალიან მძიმე სამსახურს, მიუხედავად იმისა რომ მისთვის ეს პატივია, სხვა უფრო მშვიდ ცხოვრებას არჩევდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მარნეული TV“-ის ეთერში კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს და პოლიტიკურ გარემოს აკვირდება.
„იმისთვის, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღო. ამისთვის პოლიტიკური რეალობა უნდა გამოჩნდეს. მე ვერ ვხედავ, რა პოლიტიკური რეალობაა, ფერები და ყველაფერი ერთმანეთშია არეული.
მმართველი პარტია ვერაფრით ვერ ასახელებს კანდიდატს. ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტიაა, რომელსაც პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რაიონის გამგებლის მესამე მოადგილით დამთავრებული ყველა თანამდებობა უკავია, ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი რით ვერ დაასახელეს? იმიტომ რომ ძალიან არეულია პოლიტიკური ლანდშაფტი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.