სპეციალურ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა საჭირო.
მისი განცხადებით, ხელისუფლების არასწორი ხედვის გამო სიტუაცია საგრძნობლად გაუარესებულია.
”გასულ წელს ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს მოქალაქეებსა და ეკონომიკას, ხელისუფლების დაუგეგმავი და არასწორი ხედვის გამო, წელს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. სამეგრელო და იმერეთი შესაძლოა შიმშილის საფრთხის წინაშე დადგეს. საჭიროა მასშტაბური მობილიზება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და დამატებითი რესურსების მობილიზება”- განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ფაროსანა საქართველოში 2015 წლიდან არის, ამის შესახებ მთავრობამ იცოდა, თუმცა საჭრო ზომებიარ მიუღიათ. “ევროპული საქართველო გამოდის ინიციატივით ფაროსანასთან საბრძოლველად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.
ფაროსანასთან ბრძოლას და დიდი ტერიტორიების შეწამვლას დასჭირდება ბევრი ადამიანი. საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისა და მოხალისეების მასობრივი მობილიზება. პირადად ჩვენი პარტია მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა არმიის ჩართვაც.გამოიყოს დამატებითი ფინანსური რესურსი, რადგან კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭიროა კომპენსაციებზე მუშაობა. ფაროსანასთან ბრძოლაზე სწრაფად დავამყაროთ კომუნიკაცია მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ინტერესებშიცაა.”- განაცხადა უგულავამ.