ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა ურთიერთობა ჰქონდა თემქაზე მოკლულ გოგონას საქმეზე დაკითხულ BMW-ს მძღოლთან

მას შემდეგ, რაც თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონას ანა ნაცვლიშვილის საქმეზე  ბრალდებულის  მისი შეყვარებულის  ლადო გრიგალაშვილის  ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, რომ გოგონას გარდაცვალებმადე კონტაქტი ჰქონდა ვინმე BMW-ს მძღოლთან და არ არის გამორიცხული, რომ სიკვდილამდეც მასთან შესახვედრად წასულიყო, დღემდე უცნობია ვინ არის ეს პიროვნება და სინამდვილეში საერთოდ არსებობს თუ არა.

როგორც „მეტრონომისთვის“ გახდა ცნობილი საქმეში ნამდვილად არსებობს BMW-ს მძღოლი, რომელიც გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა. მისი ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვლილ გოგონას არ იცნობდა და მასთან არასდროს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

ისინი მხოლოდ სოციალურ ქსელში მეგობრობდნენ და გოგონას  მისი შეყვარებულის მეშვეობით შორიდან იცნობდა. ხოლო გამოძიება მისით იმიტომ დაინტერესდა, რომ ბრალდებულმა მას მკვლელობის დღეს დილის ხუთ საათზე ესემეს შეტყობინება მისწერა „სად ხარ სწრაფად მიპასუხე“ . ის BMW-ს მძღოლს დაკარგული შეყვარებულის მოძებნას სთხოვდა. სწორედ ამის გამო დაკითხეს.  ამიტომაც ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ვერ იქნება იმ ავტომობილის მძღოლი, რომელზეც ბრალდებულის ადვოკატი ოტიაშვილი საუბრობს.

„ქალბატონი ნაირა ასახელებს ვინმე BMW-ს მძღოლს, თუმცა ეს მძღოლი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის. ის არის ბრალდებულის მეგობარი, რომელსაც მან დილის ხუთ საათზე ესემესი მისწერა და შეყვარებულის მოძებნა სთხოვა. სხვა დანარჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან გამოძიებას კითხვები არ აქვს. ის გარდაცვლილ გოგონას არ იცნობდა. ეს ის ადამიანი არ არის, რომელზეც ოტიაშვილი საუბრობს. მე ქალბატონ ნაირას ვკითხე და მან სრულიად სხვა სახელი და გვარი დამისახელა.  მე მგონი ალბათ ქალბატონი ოტიაშვილი საქმის მასალებს კარგად გაეცნობა და თავადაც ჩამოყალიბდება.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ არ იცნობდა გოგონას. მის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ ბრალდებულისგან ჰქონდა. სოცილურ ქსელში მეგობრობდნენ, თუმცა პირადი კონტაქტი არასდროს ჰქონიათ. არ ვიცი საქმის მასალებში არსებობს თუ არა კიდევ სხვა BMW-ს მძღოლი. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდებლმა  სახლში მას შემდეგ მიაკითხა, რაც მან სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე არ უპასუხა.

შეშფოთებული მივიდა და უთხრა, რომ მისი შეყვარებული დაიკარგა და მანქანით მის მოსაძებნად გაჰყოლოდა. ისინი ამის შემდეგ სხვა მეგობართანაც წავიდნენ და გოგონას ძებნა დაიწყეს. სულ ეს არის, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ საქმესთან აკავშირებს. ვინაიდან მე მხოლოდ მოწმის ადვოკატი ვარ, არ მაქვს საქმის მასალებთან სრული წვდომა, ამიტომ ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ საქმეში არსებობს თუ არა სხვა ავტრომობილის მძღოლი ან გამოძიება ეძებს თუ არა ასეთ ადამიანს“,-განაცხადა „მეტრონომთან“ საუბარში ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ თემქაზე მომხდარი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს, ოფიციალურად ბრალდება  წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. თემქის დასახლებაში, 20 წლის გოგონას დასახიჩრებული სხეული  რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....