ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ოფიციალური ბრიუსელი ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია და ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
ევროკავშირი მზად არის თავისი მონიტორინგის მისიის მეშვეობით (EUMM), მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.
“სამხრეთ ოსეთში (საქართველო) განვითარებული ბოლო მოვლენები – კერძოდ, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, ღრმა შეშფოთების მიზეზია. ჩვენ ვუსამძიმრებთ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზადაა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში.
პატიმრობიდან საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ველოდებით, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ მისცემს მათ საშუალებას, გაემგზავრონ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ევროკავშირი აგრძელებს მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობითა და ადგილზე, მონიტორინგის მისიის მუშაობით. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი განხილვის მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს დილით გაემგზავრა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპირებული ცხინვალიდან სავარაუდოდ დღეს გადმოასვენებენ
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”