ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს, რომ ადვოკატის მხრიდან მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია. ასევე ასათიანი აღნიშნავს, რომ ადვოკატთა ასოციაცის ექნება ადეკვატურ რეაგირება ფაქტის მიმართ.
“ყველანი შეძრწუნებულნი ვართ ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად გვექცა, რაზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.
ორმაგად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა ადვოკატის მხრიდან, რაც მიუღებელია და არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს.
ადვოკატს, კლიენტის ინტერესების დაცვის გარდა, გააჩნია განსაკუთრებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ხარისხიან მართლმსაჯულებაზე, რაც ასევე გულისხმობს ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების მკაცრად დაცვასაც, მით უფრო მაშინ, როდესაც გარდაცვლილის შელახული პირადი უფლების აღდგენა ვერ განხორციელდება.
მინდა საზოგადოების გასაგონად განვაცხადო, რომ ქართველ ადვოკატთა უმრავლესობა თავდადებით შრომობს მოქალაქეთა დასაცავად და სწორად ესმის საკუთარი როლი, თუმცა, სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევები და შეცდომები, ხანდახან მძიმეც, რაც გულწრფელად მაშფოთებს. ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები“, – წერს ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე მომხდარი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს, ოფიციალურად ბრალდება დღეს, 15.00 საათზე წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ თემქის დასახლებაში, 20 წლის გოგონას დასახიჩრებული სხეული იპოვეს.
დღის ბოლოს შსს-მ გარდაცვლილი გოგონას ყოფილი შეყვარებული დააკავა. შსს -ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს – 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.