ქართველი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს. ამ განცხადებით დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსენთან შეხვედრა.
“მინდა დავიწყო ძალიან სამწუხარო ცნობით – ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, რამდენიმე საათის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს. მინდოდა ამ სამწუხარო ინფორმაციის შესახებ მეცნობებინა. ის იყო ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ემსახურებოდა გლობალ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში. სამწუხაროდ, ის მოიტაცეს და მოკლეს”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.