ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის მოადგილე აბუ აბდელ რაჰმან ალ-თამიმი ალ-ათაბი ალ-ჯაზრავი მოკლეს, – ამის შესახებ ტელეარხი Al Mayadeen ერაყის დაზვერვის სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს.
ტელეარხის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის მოადგილე ავიადარტყმების შედეგად მოკლეს.
12 თებერვალს ტელეარხმა Sky News Arabia-მ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სიკვდილის პირასაა და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ექსტრემისტების ერთ-ერთ ჰოსპიტალში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება 2014 წელს მოახდინა. იმავე წლის ივნისში მათ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული დაიკავეს და ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად გამოაცხადეს. 2015 წელს საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის მთავრობამ ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. 2017 წელს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ „ისლამურ სახელმწიფოზე“ საბოლოო გამარჯვება გამოაცხადა.