ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზღვის ეშმაკი”: ჩაქვის აკვატორიაში თევზის უნიკალური ეგზემპლარი იპოვეს

ჩაქვის აკვატორიაში თევზის უნიკალური ეგზემპლარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ამ თევზის სახეობა მიეკუთვნება “ზღვის ეშმაკს” (Lophius piscatorius) რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

„შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130 მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული მისი საქართველოში მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია.
„ზღვის ეშმაკის“ მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება, ამ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული სახეობის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

მოგვიანებით „ზღვის ეშმაკის“ ერთი სახეობა მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. აღნიშნული შემთხვევა თევზის სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია.
მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს და სამეცნიერო კვლევებს აგრძელებენ“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

იტვირთბა....