“მეტრონომი”: სასამართლოდან
”ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ გარკვეული დაინტერესებული პირები მფარველობენ დანაშაულს კონკრეტულ საქმეში”- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე ორი არასულწლოვანის მკვლელობის საქმეზე გამართული პროცესის შემდეგ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა საქმეს არასწორად იძიებს და ბრალდების მხარის პოზიცია ძალიან განსხვავდება რეალობისგან. ამის დასამტკიცებლად დაცვის მხარე საზღვარგარეთიდან ექსპერტების მოწვევას და სასამართლოსთვის უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს.
”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ის რაც ბრალდების მხარის პოზიციაა, ძალიან განსხვავდება რეალობისგან” რაც შეეხება ”კურიერში” გასულ აუდიო ჩანაწერს, სადაც მოზარდები საუბრობენ ინციდენტში მონაწილე პირებზე და იმაზე, რომ შესაძლოა მათ ვინმე მფარველობდეს, ტარიელ კაკაბაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ თემაზე ჩატარდეს სრული და ეფექტური გამოძიება.
”საქმე არის აბსოლუტურად ცალმხრივად და არასრულყოფილად გამოძიებული. არაა დადგენილი ჭეშმარიტება. მიმაჩნია, რომ საქმეზე დამალულია სიმართლე, არასწორად გამოძიებული საქმეა გადასული არსებითად განსახილველად სასამართლოში და მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო დაინახავს სიმართლეს. დაცვის მხარე აპირებს წარადგინოს სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებები, საზღვარგარეთიდან მოიწვიოს ექსპერტები. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ გარკვეული დაინტერესებული პირები მფარველობენ დანაშაულს კონკრეტულ საქმეში”- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
ავტორი: ნინო ცხადაია